გამოკითხვა
ხმის მიცემა
ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე.. სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს ჩემი ეჭვების გამო თუ ეს ეჭვები არ გამართლდა.
ნინო ადამია
როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია სკოლის არჩევით საგანთა ნუსხაში რელიგიის სწავლების შეტანას ითხოვს. განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის სახელზე გაგზავნილ წერილში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც აპელირებენ რა ქართული ეროვნული ტრადიციების და მართლმადიდებლობის დაცვის აუცილებლობით, ცდილობენ საზოგადოება უარყოფითად განაწყონ ევროპული და ევროატლანტიკური პროცესისადმი. წერილის ავტორები განათლების მინისტრს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას შორის დადებულ შეთანხმებას ე.წ. კონკორდატს ახსენებენ, რომლის მეხუთე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია მსურველებისთვის მართლმადიდებლური განათლების მიღება შესაძლებელი გახადოს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდან რელიგიის სწავლის სურვილი ბევრ სკოლაში გამოითქვა, მაგრამ სკოლის დირექციის სახით, დაუძლევენ წინააღმდეგობას წააწყდა. „სანამ სკოლებში რეგილიის სწავლება-არსწავლების საკითხი სკოლის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, ვერ შესრულდება კონსტიტუციური შეთანხმების მოთხოვნა, კვლავინდებურად დაირღვევა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, ვერ შეძლებენ საზოგადოების რელიგიური უმრავლესობის წარმომადგენლები მიიღონ კონფესიური რელიგიური განათლება, მაშასადამე კიდევ უფრო გამძაფრდება რელიგიური გაუთვითცნობიერებლობით გამოწვეული საფრთხეები“_წერია განათლების მინისტრის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც ხელს 42 არასამთავრობო ორგანიზაცია და 200-ზე მეტი ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია აწერს. რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით, არასამთავრობოთა გააქტიურება საეჭვოდ მიაჩნია „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ თანათავმდომარეს. ავთანდილ უნგიაძე ვარაუდობს, რომ მავანი რელიგიის სწავლების საფარქვეშ სხვა ცნობიერების გამაღვივებელი სწავლების შემოტანა გეგმავს. ვფიქრობთ, იგეგმება რელიგიის სწავლება ეკუმენისტური მეთოდებით, რაც სხვა რელიგიებისა და კონფესიების მართლადიდებლობის სიბრტყეზე განხილვას გულისხმობს. ეს ყოვლად დაუშვებელია და ვერასოდეს შევეგუებით-აცხადებს ავთანდილ უნგიაძე.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში ვითხოვდით ნაციონალური მოძრაობის მიერ სასკოლო საგნების სიიდან ამოღებული რელიგიის სწავლების აღდგენას, მაგრამ ის რასაც ჩვენ ვითხოვდით, რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ამჟამად არასამთავრობოები ითხოვენ. ვინაიდან, ტრადიციულ, მართლმადიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენი მიზანია, რომ სკოლებში უპირველესად, მართლმადიდებლობა ისწავლებოდეს და ამის შემდეგ, შეიძლება სხვა რელიგიების სწავლებაზე საუბარი. რასაც ახლა არასამთავრობოები ითხოვენ, ეს ჩემი აზრით, ეკუმენისტური პოზიციიდან სწავლებაა, რაც ყოვლად დაუშვებლად და მიუღებლად მიმაჩნია. ამ ვარაუდს მიმყარებს ბოლო დროს განათლების სამინისტროში შედგენილი ტესტები, რომლის კითხვებში პროპაგანდა თუ არა, სხვა რელიგიების მიმართ დაუფარავი სიმპათიები იგრძნობა: მაგალითად, რა სარწმუნოების იყო ფალიაშვილი? გაიხსენე, კათოლიკე ქართველები რომელი საუკუნიდან გაჩნდნენ საქართველოში? ამჟამად, თბილისში თუ მოქმედებს კათოლიკური ეკლესია? რომელი წლიდან ჩამოყალიბდა ქართულენოვანი ბაპტისტური ეკლესია და ა.შ. ამ ტესტებში მართლმადიდებლობა და გამოჩენილი მართლმადიდებლები ნახსენები არ არის, სამაგიეროდ, ბაპტისტები, კათოლიკები, მუსულმანები და ა.შ. რამდენიც გინდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსწავლეს შეგნებულად უბიძგებენ გარკვეული მიმართულებით. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი „რელიგიური სწავლების“ მცდელობები 2005 წელსაც იყო. რაღაც რელიგიური სწავლების წიგნები გამოუშვეს, რომლებშიც მიდგომა იყო ეკუმენისტური ანუ მართლმადიდებლობის სიბრტყეზე განიხილებოდა სხვა რელიგიები. მაშინ ამ სწავლების აკრძალვის მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. პროცესი მოვიგეთ და დავასაბუთეთ, რომ ასეთ სწავლებას, ჯობია, რელიგიაზე საერთოდ არ ვასწავლოთ. სამწუხაროდ, ვგრძნობ, რომ კიდევ მოგვიწევს ასეთი მიდგომების გაპროტესტება. არასამთავრობოების მიმართვა და განათლების სამინისტროში შემუშავებული ტესტები გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ რაღაც სხვა ცნობიერების გამაღვივებელი სწავლებები შეამოაქვთ, რასაც ვერ შევეგუებით და აუცილებლად გავაპროტესტებთ. მოლოდინი კარგი არ გვაქვს, მაგრამ ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდეთ. სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს ჩემი ეჭვების გამო, თუ ეს ეჭვები არ გამართლდა.
არასამთავრობოთა მიმართვა განათლების სამინისტროში 5 დეკემბერს გადაიგზავნა. მიმართვის ავტორები სანიკიძის უწყებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში პასუხს ელიან.