გამოკითხვა
ხმის მიცემა
ipn.ge
ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მფლობელები 19 დეკემბერს დასახელდებიან. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.
მათივე ინფორმაციით, 2014 წლის პრიზის მფლობელები დასახელდებიან პარასკევს, 19 დეკემბერს, 18:30 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება კონცერტის თანხლებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს იტალიელი სოლისტი ანა ტიფუ (ვიოლინო) და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ინიციატივაა და ის 2012 წლიდან არსებობს. ყოველ წელს პრიზი გამოავლენს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთ ჟურნალისტურ ნაშრომებს, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას.
წლევანდელ პრიზზე საქართველოს მასშტაბით წარდგენილია 72 ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა 2013 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ოქტომბრამდე საქართველოში რეგისტრირებული მედია არხების მეშვეობით.
კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" საპრიზო გატეგორიები შემდეგნაირად ნაწილდება:
1. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში;
2. საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი ან საგამომძიებლო რეპორტაჟი;
3. საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილი, რომელიც ხელს უწყობს ცოცხალ, დაბალანსებულ, სამართლიან და პლურალისტურ დებატებს.
4. ყველაზე ინფორმაციული სააგენტო ან ონლაინ გაზეთი.
თითოეული კატეგორიის გამარჯვებულს გადაეცემა ჯილდო - ბროლის გლობუსი და ფულადი პრემია 3,500 ლარის ოდენობით.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ევროკავშირის სადამკვირებლო მისია მეორედ დააჯილდოებს "მშვიდობის ჟურნალისტიკის პრიზის გამარჯვებულს. მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის პრიზის მიზანია, მოხდეს ისეთი მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ჟურნალისტიკის წახალისება, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში. 2014 წელს მშვიდობის პრიზზე 35 ჟურნალისტია წარდგენილი. ნომინანტებისა და საკონცერტო პროგრამის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.euprizejournalism.ge დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: www.eeas.europa.eu/delegations/georgia www.facebook.com/LetsMeetEurope www.eumm.eu