როგორც წილოსანის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანია „მაესტრო“ კვლავ დეზინფორმაციას ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ქარტიის საბჭომ საქმეზე “ვიქტორ წილოსანი ნინო ზურიაშვილის და ნანა ბიგანიშვილის წინააღმდეგ” ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა აღიარა, რაც სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტების მიერ საზოგადოებისთის არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას ადასტურებს, „მაესტრომ“ ცალმხირვად, მხოლოდ ჟურნალისტ ნანა ბიგანიშვილის ინტერესი დაიცვა.
აქვე განვმარტავ, რომ საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში შეტანილი განცხადებით არა პირადად ჩემი, არამედ ზოგადად, დეზინფორმაციის გამო ნებისმიერი დაზარალებული ადამიანის ინტერესების დაცვა მსურდა.
სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებს არ აქვთ გაცნობიერებული მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა და საზოგადოებისგან მხოლოდ ხელშეუხებლობის პრივილეგიით სარგებლობას ითხოვენ. ნებისმიერ მედიასაშუალებაში მომუშავე ადამიანმა დროა გააცნობიეროს, რომ ჟურნალისტობა მხოლოდ ობიექტურობის წარმოსახვითი მანტიის მორგება არ არის და მის ყოველ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვიდრე საზოგადოებას რაიმე ამბავს მოუთხრობენ, თავდაპირველად, ჟურნალისტებმა თვითონ უნდა გაიაზრონ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ მომზადებულ ინფორმაციას, რეპორტაჟს თუ გადაცემას.
სამწუხაროდ, დღეს ქართულ მედიას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი პროფესიონალიზმის და ჟურნალისტური ეთიკის გარეშე, მხოლოდ პირადი სიმპატიების გამო უცხადებენ ერთმანეთს სოლიდარობას. დღეს ქართული მედია წარმოდგენილია იმ ადამიანებით, ვისაც საზოგადოებამ წლების წინ კულტურის მინისტრ ვალერი ასათიანის წინააღმდეგ მომზადებული ბინძური გადაცემა აპატია, ცოტა ხნის წინ კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახლადდანიშულ ხელმძღვანელს იაფფასიანი შოუ დაუდგა და ყოველგვარი პროფესიული სტანდარტი დაივიწყა.
უკვე წლებია, პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ჟურნალიტების ნაწილი, რომელიც საზოგადოებაში რატომღაც ყველაზე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, მხოლოდ იმავე საზოგადოების დეზინფორმირებითა და მოტყუებითაა დაკავებული. დღეს მედიაში ხალხისთვის მუშაობენ ის ადამიანები, რომლებმაც „მოდელირებული ქრონიკა“ საფრთხის თავიდან აცილების საშუალებად გაასაღეს, ჟურნალისტები, რომლებიც მაყურებელს ატყუებენ, სტუდიაში იწვევენ „დაჩაგრული“ დევნილებს და მალავენ ინფორმაციას, რომ მათ ბინის ქირას დევნილთა სამინისტროიხდის.
ამ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ შელახონს ნებისმიერი ადამიანის უფლება, თავს ყველაფრის უფლება მისცენ, თვითონ კი პასუხისმგებლობა აირიდონ.
ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სტუდია „მონიტორისა“ და ამჯერად უკვე ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ არასწორი ინსფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშის მოხდა ყოველგვარ აზრს მოკლებულად მიმაჩნია, რადგან რესპონდენტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მხოლოდ ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმსა და სუბიექტურობაზე მიუთითებს.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ჩემს მიერ აღებული პრემიების შესახებ ინფორმაციას, რაც კონკრეტულ სიტუაციაში ჩემთვის ყველაზე უმნიშვნელო აღმოჩნდა, თუმცა ჟურნალისტის უპასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, კრიტიკის ობიექტი ტელეკომპანია „მაესტრო“ აღმოჩნდა. სამწუხაროა, რადგან საკმაოდ რთულ და საზოგადოებისათვის იმ დროს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, „მაესტროს“ შენარჩუნების საქმეში, მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანე ასევე რადიო „უცნობში“ სიტყვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ჟურნალისტებთან ერთად ვიბრძოდი", - აცხადებს წილოსანი.