გამოკითხვა
ხმის მიცემა
bpn.ge
რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადების ფონზე, რომ ქვეყნის ფინანსური სისტემა მყარია და ცენტრალური ბანკი მზად არის გააფართოვოს ფასიანი ქაღალდების გაყიდვის მექანიზმი, რუბლმა გამყარება დაიწყო და დღის ბოლოს 1 დოლარი 61,71 რუბლი, ხოლო 1 ევრო კი 77,14 რუბლი ღირდა. რუბლის არასტაბილურობის გამო ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა შეაჩერა თავისი პროდუქციის ონლაინგაყიდვები რუსეთში, რადგან ვითარება საფინანსო ბირჟაზე ისე სწრაფად იცვლება, რომ კომპანიაში პროდუქციის ფასების კორექტირებას ვერ ახერხებენ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთში ასევე მკვეთრად, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა ავიაბილეთების გაყიდვის მაჩვენებელი, რადგან ხალხი ცდილობს იაფი რუბლის კონვერტირება ავიაბილეთებში მოახდინოს. რუბლის "შავი ორშაბათისა" და "შავი სამშაბათის" შემდეგ, როცა რუსეთის ეროვნული ვალუტა ისე გაუფასურდა, რომ ერთი დოლარის ღირებულებამ 80 რუბლსაც კი გადააჭარბა, მიმწოდებლებმა სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის მიწოდება შეაჩერეს ფასების გადახედვისა და რეალიზატორებთან ახალ ფასზე შეთანხმების მიზნით.
ამ ფონზე კი სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება, რომ სავალუტო რეზერვების შემცირებამ რუსეთის ცენტრალური ბანკი შეიძლება აიძულოს, ოქროს რეზერვების გაყიდვა დაიწყოს. სააგენტოს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, რუბლის რყევების გამო, რუსეთის 20-მა უმდიდრესმა ადამიანმა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაკარგა. რუბლის გაუფასურების პარალელურად ვარდნას განაგრძობს ნედლი ნავთობის ფასიც. ბოლო ვაჭრობის შედეგად "ბრენტის" მარკის ნავთობი ბარელზე 54 დოლარამდე დაეცა. არადა ყოველი 1 დოლარი, რომელიც ნავთობის ფასს აკლდება, რუსეთის ბიუჯეტისთვის წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დანაკარგია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაგროვილი რეზერვები რუსეთს თავის გასატანად უკეთეს შემთხვევაში, ორი წელიც არ ეყოფა.
ანალიტიკოსების გათვლით, ყველაზე მძიმე პერიოდი რუსეთს 2015 წლის მეორე ნახევარში დაუდგება, როცა ცენტრალურ ბანკს რეზერები ფაქტობრივად გამოელევა, რუბლი კონტროლიდან გამოვა და ქვეყანაში სავალუტო პანიკა დაიწყება. დაახლოებით იმის მსგავსი, რაც რუსეთმა 1998 წელს გამოიარა.