გამოკითხვა
ხმის მიცემა
ipn.ge
სამწუხაროა, რომ ჩვენი კონსტრუქციული ქმედებების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან გვაქვს არაადეკვატური ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე. წ. შეთანხმება "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის მტკივნეულია.
"როგორც აღვნიშნე, ევროკომისართან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოსა და მთლიანად რეგიონში არსებულ მდგომარეობას. სამწუხაროა, რომ ჩვენი კონსტრუქციული ქმედებების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან გვაქვს არაადეკვატური ნაბიჯები. ჩვენ მკაფიოდ დავგმეთ და მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩავაყენეთ საქმის კურსში, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე. წ. შეთანხმების "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ". ეს არის მტკივნეული ჩვენთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ საქართველომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში. "ამ მხრივ, აღსანიშნავია ჩვენი შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული როლი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროკავშირის სამშვიდობო მისიის წარმატებით განხორციელებაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპული ინტეგრაცია.