გამოკითხვა
ხმის მიცემა
ლიკა გურაბანიძე "commersant.ge"
თბილისის ცნობილ რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა სტუმრებს 120 ლარიდან 270 ლარამდე დაუჯდებათ. როგორც გაირკვა, საახალწლოდ თბილისის ცნობილი ბარ-რესტორნები მომხმარებელს სხვადასხვა სახის გასართობ შოუ-პროგრამას სთავაზობენ. ბრენდულ რესტორნებში მაგიდების 100%-ი დაჯავშნილია. „კომერსანტმა“ გაარკვია ისიც, რომ თითქმის ყველა რესტორანში ქართველ ვარსკვლავებთან ერთად საღამოს პროგრამას DJ დახურავს.
სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს იტალიური რესტორანი „ფილინი“ სტუმრებს ახალი წლის ღამეს გასართობ შოუ-პროგრამის ფარგლებში ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს შესთავაზებს. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული სუფრა. Radisson-ში ახალი წლის ღამის გატარება მსურველებს 240 ლარი დაუჯდებათ.
რაც შეეხება სასტუმროს „ლაუნჯ ბარს“, ღამის პირველ საათზე დათო ფორჩხიძე იმღერებს. ხოლო შემდგომ სტუმრებთან ერთად Dj გააგრძელებს. „ლაუნჯ ბარში“ ფეხზე დასადგომი ბილეთი 100 ლარი ღირს, ხოლო მაგიდასთან ერთი ადგილი 250 ლარი.
Radisson-ის „ბოლ რუმში“ კი სტუმრების წინაშე სოლო კონცერტით ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია წარსდგება. „ბოლ რუმში“ ახალი წლის საღამოს გატარება 270 ლარი დაგიჯდებათ.
რაც შეეხება რესტორან „მონოპოლს“, ის 31 დეკმბერს სტუმრებს საჩუქრებით, იუმორისტული შოუთი, ნოდიკო ტატიშვილის და ანი კეკუას შესრულებული სიმღერებით გაუმასპინძლდება. შოუზე ასევე იქნება წარმოდგენილი ქართული ცეკვები, სიმღერები და საღამოს Dj. რესტორანში საღამოს ქართული ტრადიციული სუფრით გატარება 120 ლარი ღირს.
როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდება სტუმრებს რესტორანი „ფუნიკულიორიც“. თვალისმომჭრელი ერთი შენობა, ორი განსხვავებული სადღესასწაულო სივრცე. ორი განსხვავებული ღონისძიება. თქვენთვის ყველაზე საყვარელი ქართველი მომღერლები. ყველაზე სადღესასწაულო და საზეიმო გარემო და საუკეთესო ხედი კაშკაშა თბილისზე.
რესტორნის მეორე სართულზე ახალი წლის ღამეს სტუმრების წინაშე მომღერალი გიო ხუციშვილი და ბენდი გიო+ წარსდგებიან.
ასევე სტუმრებს უმასპინძლებს ანსამბლი „დრო“ და სპეციალურად მიწვეული Dj.
მესამე სართულზე წვეულებათა დარბაზში სტუმრების განწყობაზე, დათო გომართელი, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სპეციალურად მიწვეული Dj იზრუნებს. „ფუნიკულიორზე“ ერთ პერსონაზე ფასი 270 ლარი იქნება. საფასურში შედის საახალწლო ვახშამი, გამაგრილებელი სასმელები და მისასალმებელი ცქრიალა ღვინო.
რესტორანი „ოტიუმი“ 31 დეკემბერს 70-80-იან წლებში მხოლოდ ერთი ღამით დაბრუნდება. დაგეგმილია გრანდიოზული შოუ უამრავი სიურპრიზით. ბილეთის ფასი 250 ლარია.
ბაკურ ბაკურაძის ექსკლუზიური შოუ პროგრამის პრემიერა ,,იყო და არა იყო რა“ ახალი წლის ღამეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებს რესტორან „ბაბილოს“ სცენაზე გააერთიანებს. გარდა ამისა, რესტორანი სტუმრებს ახალი წლის ღამეს ქართველ მომღერლებთან ერთად საახალწლო ვახშამს შესთავაზებს. რესტორანში 31 დეკემბერს ერთი პერსონის ღირებულება 258 ლარია.